

ვებინარი N3
2026 წლის 23 აპრილი, 17:00-18:30 თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება მესამე ვებინარი კონკურენციის სამართალში, სადაც მოწვეული იქნება ექსპერტი ევა ფიშერი - კონკურენციის სამართლის ლექტორი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (University College London/UCL). სადოქტორო ნაშრომი დაცული აქვს კონკურენციის სამართლის მიმართულებით მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტში. აქვს ევროკომისიასა და საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში მუშაობის გამოცდილება კონკურენციის სამართლის კუთხით. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი, კონკურენციის სამართალში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციის თანადამაარსებელი და კლუვერის კონკურენციის სამართლის ბლოგის რედაქტორი. ვებინარის შესახებ აუცილებელი ინფრასტრუქტურის დოქტრინა ევროკავშირის კონკურენციის სამართალში უკვე რამდენიმე ათეული წელია გამოიყენება დომინანტური მდგომარეობის ერთ-ერთი სახის - მიწოდებაზე უარის - ანალიზისას. დოქტრინა აბალანსებს ინდივიდუალურ სახელშეკრულებო თავისუფლებასა და საბაზრო კონკურენციას და ავალდებულებს დომინანტ კომპანიებს, სავაჭრო ურთიერთობა იქონიონ კონკურენტებთან ისეთ შემთხვევებში, როდესაც მათ მიერ ნაწარმოები საქონელი/მომსახურება შეუცვლელია ფიზიკური, სამართლებრივი ან ეკონომიკური გარემოებებიდან გამომდინარე. დოქტრინა წლების განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწებოდა, თუმცა თანამედროვე ციფრულ სამყაროში მისი გადახედვა კიდევ ერთხელ გახდა საჭირო იმის დასადგენად, თუ რას ნიშნავს „ციფრული შეუცვლელობა“. ვებინარის ფარგლებში სწორედ ეს საკითხი განიხილება, ევროკავშირის, გერმანული და ბრიტანული პრაქტიკის მაგალითზე.
ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ პოსტერს. დასწრების მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგი ლინკის საშუალებით: https://forms.gle/GVyJsNd9eUcRR7aT9